ეტა (ორგანიზაცია)
ეტა (ბასკ. Euskadi Ta Askatasuna – ბასკების სამშობლო და თავისუფლება) — შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია. ჯგუფი 1959 წელს დაარსდა. იგი თავიდან სოციალურ მოძრაობას წარმოადგენდა და ანტიკოლონიური ხასიათის იყო. შემდეგში თავი მან მარქსისტულ-ლენინურ დაჯგუფებად გამოაცხადა, რომლის მიზანი არა მარტო ბასკეთის მშენებლობა, არამედ სოციალიზმის მშენებლობაც იყო. მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს ტაქტიკა: მოქმედება–რეპრესია–მოქმედება. პრაქტიკაში ის შემდეგნაირად ტარდებოდა:
- ეტა ახორციელებს პროვოკაციული ხასიათის ძალადობრივ აქტს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ;
- სისტემა პასუხობს „მასების“ წინააღმდეგ რეპრესიით;
- მასები პანიკითა და პროტესტით რეაგირებენ. ამის შემდეგ ეტა ძალადობრივ აქტს ახორციელებს, რასაც მასა რევოლუციურ სიტუაციამდე მიჰყავს.
ისტორიული წინამძღვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბასკების ქვეყანა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მასში შვიდიდან სამი ისტორიული პროვინცია შედის: ალავა, ბისკაია და გიპუსკოა. ასევე ბასკური პროვინციაა ნავარა, მაგრამ ესპანეთის მთავრობა მას ბასკურად არ აღიარებს.
ბასკეთი ესპანეთის შემადგენლობაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში შევიდა, თუმცა XIX საუკუნის შუა წლებამდე გარკვეულ უფლებებს (ე.წ. ფუეროსი) ინარჩუნებდა, კერძოდ, ჰქონდა საკუთარი კორტესი, სასამართლო, საბაჟო და საგადასახადო პრივილეგიები. სამხედრო სამსახურსაც ბასკები საკუთარ ტერიტორიაზე გადიოდნენ.
XIX საუკუნეში ესპანეთმა ეროვნული რაიონების – ბასკონიის, კატალონიისა და გალისიის ცენტრალიზაციისა და ძალდატანებით გაესპანელების პოლიტიკა გააძლიერა, რასაც ბასკები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს იყო ბასკების ე. წ. კარლისტურ ომებში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ალფონსო XII-ის მთავრობამ 1876 წელს თითქმის ყველა ფუეროსი გააუქმა. ამან გაამძაფრა ბასკების ნაციონალისტური მისწრაფებები. მით უმეტეს, რომ XIX საუკუნის ბოლოს ბისკაიასა და გიპუსკოას პროვინციებში სწრაფად ვითარდებოდა სამთამადნო და მეტალურგიული მრეწველობა, რის გამოც ეს პროვინციები ესპანეთის მსხვილ სამრეწველო ცენტრად იქცა. ამავე პერიოდში ეროვნული აღმავლობის ფონზე ბასკების ნაციონალისტური პარტია შეიქმნა, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული.
მიგელ პრიმო დე რივერას მმართველობის წლებში (1922–1930 წწ.) ბასკების ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშეთში გაგრძელდა. 1931 წელს ესპანეთში რესპუბლიკური წყობის დამყარების შემდეგ ბასკების ეროვნული მოძრაობის ახალი აღმავლობა დაიწყო. 1932 წლის 19 იანვარს პამპლონაში (ნავარა) შეიკრიბა ალავის, ბისკაიის, გიპუსკოას და ნავარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ასამბლეა, რომელმაც ბასკეთის ავტონომიის სტატუსი მოიწონა, მაგრამ ბასკეთმა ავტონომია მხოლოდ 1936 წლის ოქტომბერში, სახალხო ფრონტის გამარჯვების შემდეგ მიიღო. ავტონომია, ფაქტობრივად, 9 თვის განმავლობაში არსებობდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქ გერნიკას დაბომბვის შემდეგ , 1937 წლის ივნისის მეორე ნახევარში ფრანკოს მომხრეებმა ბასკების ქვეყანა დაიკავეს, რის შემდეგაც ავტონომია დაკარგა. 1939 წელს ფრანკოს მთავრობა ესპანეთის სათავეში მოვიდა და დაუყოვნებლივ გააუქმა რესპუბლიკის ყველა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის, კატალონიის და ბასკეთის ავტონომიური უფლებები. ეკლესიის გარდა, ყველა დაწესებულებაში ბასკური ენა აიკრძალა. ავტონომიების გაუქმებამ ეროვნული მოძრაობის აღმავლობა გამოიწვია. ბასკების ნაციონალისტურმა პარტიამ არალეგალური მოღვაწეობა ემიგრაციაში გააგრძელა.
ფრანკოს დიქტატურასთან ბასკების ბრძოლა თავისუფლებისათვის სრული მარცხით დასრულდა. ამიტომ ბასკი ნაციონალსტების ერთმა ნაწილმა ბრძოლის სხვა ფორმას – ტერორს მიმართა. მათ 1959 წელს დააარსეს ორგანიზაცია ეტა.
ეტა-ს მოქმედების პირველი ეტაპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტა-ს მოქმედების პირველი ეტაპი დაარსებიდან 1975 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროს ესპანეთში ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმი ბატონობდა. ამ დროს ეტა-ს შეიარაღებული ბრძოლა ეროვნული, სოციალური და რელიგიური სამართლიანობისთვის განიხილებოდა როგორც ბრძოლა ფრანკისტული რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ მას მხარს უჭერდა არა მარტო ბასკების დიდი ნაწილი, არამედ მთელი ესპანეთის მოსახლეობის უმრავლესობა.
ეტა-ზე პირველად 1968 წელს ალაპარაკდნენ, როცა მან თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა: სან სებასტიანში მოკლეს საიდუმლო პოლიციის უფროსი. ამ წელს 1900 კაცი დააპატიმრეს და ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. 1969–1970 წლებში ეტა-ს თითქმის ყველა ლიდერი დააპატიმრეს და სამხედრო სასამართლოში გაასამართლეს.
1970–იან წლებში ეტა-მ ბრძოლის ფორმები შეცვალა, რომლებიც ლათინური ამერიკის ტერორისტებისგან გადმოიღო. ეს იყო, ძირითადად, პოლიტიკური მოღვაწეებისა და დიპლომატების გატაცებები. სულ 1968–1975 წლებში ტერორისტებმა 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ამის გამო, 1973 წელს ხელისუფლებამ დაპატიმრებული ტერორისტების დიდი ნაწილი სიკვდილით დასაჯა.
1973 წლის 20 დეკემბერს ეტა-მ თავისი ყველაზე გახმაურებული ტერაქტი მოაწყო: ტერორისტებმა გზის საფარქვეშ გვირაბი გაიყვანეს და იგი ასაფეთქებელი ნივთიერებით ამოავსეს. ამ გზაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ადმირალ ლუის კარერო ბლანკოს უნდა გაევლო. აფეთქების შედეგად ბლანკო და ორი თანმხლები პოლიციელი დაიღუპა.
1960–1970–იან წლებში ორგანიზაციაში განხეთქილება მოხდა. უთანხმოება გამოიწვია კამათმა რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის შესახებ. 1968 წელს ეტა-ს „ახალი ეტა“ გამოეყო, რომელიც, 1974 წელს თავის მხრივ „სამხედრო“ და „პოლიტიკურ“ ფრაქციებად დაიყო. პირველი წმინდა ტერორისტული სსხის ორგანიზაცია იყო, მეორე კი, არსებულ რეჟიმთან ბრძოლის მშვიდობიან, უმსხვერპლო გზას ქადაგებდა.
ეტა-ს მოქმედების მეორე ეტაპი (1976–1981)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წელს ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ მეფე ხუან კარლოსმა თითქმის რადიკალურად შეცვალა ქვეყანაში არსებული ვითარება. 1978 წელს ესპანეთში მიიღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც სრულ პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებს უზრუნველყოფს ისევე, როგორც ხელისუფლების განაწილებას ცენტრსა და რეგიონებს შორის.
ლოგიკურად, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ეტა უნდა დაშლილიყო, რადგან პოლიტიკური სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძოდა, აღარ არსებობდა. მაგრამ ეტა-ს სამხედრო ფრაქციის გეგმებში კვლავ შედიოდა ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეა. ასეთი პოზიცია ესპანეთის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა.
1976 წლის ბოლოდან ეტა-მ ტერორისტული აქტები განაახლა. თავდასხმის მთავარ ობიექტებად იქცნენ სახელმწიფო აპარატის, სამხედრო და პოლიციის მაღალჩინოსნები... იმ დროს ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 500 კაცს აღწევდა, მათ შორის 200 მებრძოლი იყო, დანარჩენები კი მათი ხელშემწყობები იყვნენ. მებრძოლები 20–30 კაციანი ჯგუფებით მოქმედებდნენ, ძირითადად, ბასკეთსა და ესპანეთის დიდ ქალაქებში. მკვლელობის ყველაზე „საყვარელი“ მეთოდი მსხვერპლისათვის კეფაში ტყვიის სროლა იყო. დაზარალებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ბასკები სიამაყით აცხადებდნენ, რომ ესპანეთს არც ერთ ომში არ დაუკარგავს იმდენი გენერალი, რამდენიც ეტა-მ შეიწირა.
მკვლელობათა სერიამ ხელ-ფეხი გაუხსნა სამხედროებს, რომლებიც გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდნენ. მათი სქმიანობის კულმინაციას ესპანეთის პარლამენტის აღების წარუმატებელი მცდელობა წარმოადგენდა. ეტა-ს იდეოლოგთა მოსაზრებით, სამხედრო გადატრიალება მათთვის მომგებიანი იყო, ვინაიდან ეს ესპანეთის დემოკრატიის მოჩვენებით ხასიათს გამოააშკარავებდა. მაგრამ ესპანეთის დემოკრატიამ ამ გამოცდას გაუძლო.
ეტა-ს მოქმედების მესამე ეტაპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტა-ს მოქმედების მესამე ეტაპი 1981–1986 წლებს მოიცავს. 1979 წლის 25 ოქტომბერს ბასკონიის მცხოვრებთა უმრავლესობამ, მიუხედავად ეტა–ს მხრიდან შანტაჟისა, მხარი დაუჭირა ავტონომიური სტატუსის მიღებას. ესპანურ ნაწილში სამმა ბასკურმა პროვინციამ ფართო ავტონომია მიიღო: ბასკები საკუთარ გადასახადებს თვითონვე აგროვებენ და ანაწილებენ; აქვთ საკუთარი პოლიცია და განათლების სისტემა; ბასკური ენა ისწავლება სკოლებში; ხელისუფლებამ ბასკების ქვეყანას გადასახადები და განაკვეთები შეუმცირა. ყველაფერმა ამან ბასკონიის ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. მოსახლეობაში რადიკალური განწყობილება შესუსტდა. კანონმა ავტონომიის შესახებ ეტა არ დააკმაყოფლა. ის გადავიდა მოქმედების ახალ პრინციპებზე – „ტერორი ტერორისათვის“. ამით ის საკუთარი მოსახლეობის უმეტესობის წინააღმდეგ გამოვიდა.
ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის მეორე დღესვე ეტა-ს წევრებმა მოკლეს ბასკი მუშა ჰერმან გონსალესი, რომელმაც სეპარატიზმი დაგმო. ამ მკვლელობამ ბასკი მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია. მოეწყო ფართომასშტაბიანი გაფიცვა ეტა-ს წინააღმდეგ.
1982 წლის ოქტომბრის არჩევნებში ფილიპ გონსალესის სოციალისტური პარტიის გამარჯვება დემოკრატიისაკენ საბოლოოდ შემობრუნების ათვლის წერტილი იყო. ფრანკოს დიქტატურის შემდეგ ეს იყო პირველი ხელისუფლება, რომლის წევრებსაც დისკრედიტირებულ რეჟიმთან კავშირი არ ჰქონია და პირველი მემარცხენე მთავრობა რესპუბლიკის შემდეგ. ახალი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ეტა მოკლევადიან ზავს დათანხმდებოდა, მაგრამ ეს იმედი მალე გაქარწყლდა. ახალი მთავრობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ეტა-ს ტერორმა კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გენერალი იმსხვერპლა. მართალია, იმ წელს ეტა-მ საკუთარი „რეკორდის“ (1980 წლის 91 მკვლელობა) მოხსნა ვერ მოახერხა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობაში შემთხვევითი მსხვერპლის რაოდენობა. სეპატარისტული ორგანიზაციიდან ეტა თანდათან მაფიოზურ, კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა, რომელიც ნაციონალურ და რევოლუციურ ლოზუნგებს იყო ამოფარებული. გახშირდა ბანკების ძარცვა.ფართო ხასიათი მიიღო ბანკებიდან ე.წ. „რევოლუციური შესაწირის“ აკრეფამ, რასაც ყოველწლიურად მილიარდ პესეტამდე შემოსავალი მოჰქონდა. ეტა-ს წევრებმა დაიწყეს ადამიანების გატაცება, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივების გარეშე, მხოლოდ გამოსასყიდი თანხის მოთხოვნით; ჩაერთნენ ნარკოტიკების ბიზნესში; ფულს „ათეთრებდნენ“ ბანკებისა და სათამაშო დაწესებულების დახმარებით.
ეტა-ს პროვოკაციების საპასუხოდ, გონსალესის ადმინისტრაცია „ბინძურ ომში“ ჩათრეული აღმოჩნდა, რომლის მძიმე შედეგები ბასკურ საზოგადოებაში გამოძახილს დღემდე პოულობს. 1983–1987 წლებში ოფიციოზის მიერ ჩამოყალიბებული ანტიტერორისტული განმათავისუფლებელი ჯგუფის ე.წ. გალ-ის (ესპ. GAL-Grupos Antiterrista de Liberation) ოპერაციებს 27 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ეტა-ს სახიზრად ქცეული საფრანგეთის ტერიტორიაზე განხორციელდა. მართალია გალ-ის მსხვერპლთა მნიშვნელოვან ნაწილს ტერორისტთა ლიდერები შეადგენდნენ, მაგრამ ამ ოპერაციებს საფრანგეთის მრავალი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
გალ-ის მიზანს მხოლოდ ეტა-ს ლიდერების განადგურება არ წარმოადგენდა. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი საფრანგეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება იყო, რომელიც ეტა-ს გახიზნული წევრების მიმართ ტოლერანტობით გამოირჩეოდა. ფრანკოს რეჟიმის დროს ეტა-ს მებრძოლებს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ. ესპანეთსა და საფრანგეთს შორის 1984 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებით, ეტა-ს წევრებს წაერთვათ საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ამ ხელშეკრულებამ ეტა-ს 200 წევრს სამშობლოში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა, მხოლოდ იმ პირობით, თუ დანაშაულს აღარ ჩაიდენდნენ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში კი მათ დააკავებდნენ. ესპანეთის იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბარიონუევომ (ის მოგვიანებით, 1998 წელს გალ-ის მიერ ინსპირირებულ ადამიანთა გატაცებებში ამხილეს) პირველად ქვეყნის ისტორიაში ეტა-ს ერთ–ერთ ხელმძღვანელს დომინგო იტურბო აბასოლოს ნებისმიერ დროს და ნებისმირე ადგილას შეხვედრა შესთავაზა პრობლემების საბოლოო მოსაგვარებლად. 1984 წელს ანდორაში მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა გაიმართა. ეტა-ს ხელმძვანელობამ შემდეგი პირობები წამოაყენა: ნავარიის ინტეგრაცია ბასკთა ქვეყანაში, ყველა პარტიის (უმთავრესად იგულისხმებოდა ბასკების ნაციონალისტური პარტია ბატასუნა) ლეგალიზაცია, ესპანეთის პოლიციისა და ჯარის დანაყოფების ბასკეთიდან გაყვანა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
სამაგიეროდ, 1986 წელს ესპანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებამ დადო ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ერთობლივ ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ და კრძალავდა ეტა-ს წევრებისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას. ამის გამო ეტა-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მუხიკო გარმენდამ თავის ქვეშევრდომებს მოუწოდა ყველა საქმისათვის თავის დანებება და მხოლოდ თავდასხმებსა და ტერორზე გადასვლა ფრანგი ტურისტების, სატვირთო ავტომობილებისა და საექსკურსიო ავტობუსების წინააღმდეგ.
გარდა იმისა, რომ 1984–1986 წლებში ეტა-მ სერიოზული დანაკარგები განიცადა, ასევე გაიზარდა ბასკი მოსახლეობის უკმაყოფილება მისი საქმიანობით. შეკრებაზე გაისმოდა მოწოდება:„რატომ უნდა ვიბრძოლოთ ეტა-ს ხელმძღვანელობით, როცა ასეთი სახელმწიფო ისტორიულად არასოდეს არსებობდა“. ამის შედეგად, ეტა-მ საგრძნობლად შეასუსტა აქტიურობა.
ეტა 1980–იანი წლების ბოლოს და 1990–იანი წლების დასაწყისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს ტერორი ფრანგების წინააღმდეგ გაგრძელდა. საპასუხოდ, 1987–1992 წლებში საფრანგეთისა და ესპანეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტებს საპასუხო დარტყმა მიაყენეს. მათ ეტა–ს 500–ზე მეტი აქტივისტი, მათ შორის, თითქმის ყველა ხელმძღვანელი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ორგანიზაცია უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე იყო. სირად მეწარმეები უარს ამბობდნენ ეტა–სთვის ფულის გადახდაზე, „რევოლუციურ შესაწირზე“. თავი იჩინა შიდა უთანხმოებამაც. ორგანიზაცია ათობით ძველმა აქტივისტმა დატოვა. 1990–იანი წლების დასაწყისში ეტა–ს წევრთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
მიუხედავად ამისა, 1990–იან წლებში ეტა–მ გააგრძელა ტერორისტული საქმიანობა. მოხდა მისი „ახალი თაობის რეპროდუქცია“, რასაც უმთავრესად გალ–ის მიერ წარმოებულმა კამპანიამ, ე.წ. „ბინძურმა ომმა“, შეუქმნა საფუძველი. 1996 წელს ესპანეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ხოსე მარია აზნარის მემარჯვენე–ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ დაგმო ტერორიზმის წინააღმდეგ ყოველგვარი უკანონო მეთოდის გამოყენება, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა.
1995 წელს პალმა დე მალიორკაში დააკავეს მებრძოლები, რომლებიც ესპანეთის მეფე ხუან–კარლოსზე აპირებდნენ თავდასხმას. ტერორისტები კვლავ აფეთქებდნენ სარკინიგზო სადგურებს, ბანკებს, კლავდნენ პოლიციელებს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს. 1997 წელს მათ დიდი შეცდომა ჩაიდინეს–გაიტაცეს და მოკლეს ბასკეთის მუნიციპალური საბჭოს წევრი, ახალგაზრდა ეკონომისტი მიგელ ბლანკო. მთელი ქვეყანა, დაწყებული მეფით, დამთავრებული რიგითი ესპანელით, ტერორისტებს უდანაშაულო ადამიანის განთავისუფლებას სთხოვდა. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას მათი ნამდვილი სახე. ეტა–ს ავტორიტეტი მკვეთრად შეილახა. ქვეყანაში გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია, რომელშიც 1,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. მათი საერთო ლოზუნგი იყო: „გუშინ არ გვიყვარდით, დღეს გვძულხართ!“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ წავა მოლაპარაკებაზე ტერორისტებთან, სანამ იარაღს არ დაყრიან.
1998 წელს ორგანიზაციამ ე.წ. ლიზარას დეკლარაციით ტერაქტებზე დროებით უარი განაცხადა. ეს ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის ანალოგიური იყო. თვითგამორკვევის მოთხოვნა დეკლარაციის ბოლო სტროფი იყო. ამასვე ითხოვდნენ ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის ზომიერი ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ეტა–სთან ერთად დამოუკიდებელი ბასკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღებაზე. სწორედ ამის სანაცვლოდ ეტა შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე უარს ამბობდა.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული დეკლარაცია მადრიდის მედიამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ლანძღვის საგნად აქცია. ბასკეთის სუვერენიტეტისათვის მშვიდობიანი ბრძოლის გზა მათ გაცილებით მეტ საფრთხედ აღიქვეს, ვიდრე ეტა–ს ტერორისტული კამპანია. ესპანეთის მთავრობა შიშობდა, რომ ამის შემდეგ ბასკი და კატალონიელი რადიკალები ერთიან ნაციონალისტურ ალიანსს ჩამოაყალიბებდნენ.
ეტა XXI საუკუნის დასაწყისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთის პოლიციის განცხადებით, 2000 წლისათვის ეტა-ს მხოლოდ სამი დაჯგუფება მოქმედებდა, თითო 5–6 კაცის შემადგენლობით, ერთი ბასკების ქვეყანაში, მეორე –მადრიდში, მესამე კი – მობილური ჯგუფი.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა თითქოს ეტა-ს ტერორზე ხელი ააღებინა, მაგრამ უკვე ოქტომბერში მოხდა მორიგი აფეთქება მადრიდსა და ვიქტორიაში, რამაც ასობით ადამიანი დააზარალა.
ბატასუნამ დაგმო ეტა-ს ძალადობა, თუმცა ბასკთა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ თავის პოზიციაზე უარი არ უთქვამს. პარტია ორმხრივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი მხრივ, მადრიდი მას ტერორისტებთან და „სეპარატისტებთან თანამშრომლობაში“ ადანაშაულებდა, მეორე მხრივ კი, ეტა-ს მხარდამჭერები მას ესპანეთის მთავრობასთან კოლაბორაციონიზმში სდებდნენ ბრალს. 2003 წელს ესპანეთის სასამართლომ აკრძალა ბატასუნას საქმიანობა. ერთხანს მან არალეგალურად განაგრძო მუშაობა. დრესაც ამ ორგანიზაციას ეტა-ს პოლიტიკურ ფრთად განიხილავენ.
2004 წელს მადრიდის ცენტრალურ სადგურზე ატოჩა აფეთქებების სერია მოხდა. ეჭვი ეტა-ზე აიღეს, თუმცა ბატასუნას ლიდერმა არნოლდო ოტეგამ ეტა-ს კავშირი ამ სისხლიან და ტრაგიკულ მოვლენასთან გამორიცხა. მან დამნაშავედ არაბული წინააღმდეგობა დაასახელა. სამართალდამცავები ამ ვერსიას არ გამორიცხავდნენ, მით უმეტეს, რომ ესპანეთი როგორც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული მოკავშირე, უკვე დიდი ხანია ალ-კაიდას პოტენციურ სამიზნედ განიხილებოდა. თუკი ტერაქტის უკან ეტა-ს კვალი იქნებოდა, ეს ბასკი ტერორისტების ტაქტიკის შეცვლის ნიშანი გახდებოდა. აქამდე ისინი მხოლოდ ლოკალური და მცირემასშტაბიანი აფეთქებებით იფარგლებოდნენ და მათ მსხვერპლს, ძირითადად, ესპანეთის შეიარაღებული ძალების ან მთავრობის წარმომადგენლები შეადგენდნენ.
2011 წელს ეტამ ბრძოლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Todo sobre ETA, en El País დაარქივებული 2011-12-16 საიტზე Wayback Machine.
- Información del Ministerio de Interior español დაარქივებული 2007-01-14 საიტზე Wayback Machine.
- Asociación de Víctimas del Terrorismo
- Etxerat, el colectivo de familiares de presos políticos vascos
- Informe sobre España de Amnistía Internacional de 2003